რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება
„რიკოთის დარჩენილ 4 - კმიან მონაკვეთს გავხსნით წლის ბოლომდე და ეს ამ წლის ბოლო, დამაგვირგვინებელი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. რიკოთი არის ერთ-ერთი რთული საინჟინრო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაკვეთი სრულდება და ჩვენ შეუფერხებლად შეგვეძლება რიკოთის მაგისტრალზე მოძრაობა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მინისტმა ასევე, ისაუბრა სხვა მიმდინარე და დაგეგმილი მაგისტრალური პროექტების მშენებლობებზე.
„კახეთის მიმართულებით ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი უკვე აშენებულია, თუმცა იქ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც იყო. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 - კმიანი გზის მშენებლობის პროცესი და უახლოეს პერიოდში, მომავალ წელს ჩვენ გამოვაცხადებთ ბადიაურიდან ბაკურციხემდე ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას. პრემიერის დავალებით აქტიურად დავიწყეთ გურჯაანი-თელავის საპროექტო სამუშაოები.
ასევე, მნიშვნელოვანია სტეფანწმინდის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები. დღეს აქტიურად მიმდინარეობს და მართლაც უნიკალური პროექტია, გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში ყველაზე მაღალი ხიდი - 166 მეტრიანი, თავისი საინჟინრო კონსტრუქციით უნიკალური ხიდი შენდება. დასრულებულია 9 - კმიანი გვირაბის მშენებლობა, რაც თავისთავად მთელს რეგიონში განსაკუთრებული პროექტია, ეს არის კობი-ქვეშეთის მონაკვეთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები წიწამური-ჟინვალის მონაკვეთზე, ფასანაურის შემოვლით გზაზე, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ მაგალითად, ისეთ ტურისტულად აქტიურ ზონაში, როგორიც არის გუდაური თბილისიდან მხოლოდ ერთ საათში ჩავიდეთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „Energy Week Black Sea 2026“
06.02.2026.12:50
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ,,Invest In Network”–ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2026“ (Energy Week Black Sea 2026).
სემეკის თავმჯდომარემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - მარეგულირებელი ჩარჩო". დავით ნარმანიამ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი მარეგულირებელი მექანიზმების, საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროპის ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრები, ესკოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან ერთად, დაესწრო ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ორმხრივ სამუშაო შეხვედრას, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადაცემის კომპანია Transelectrica S.A.-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
