რესპუბლიკური საავადმყოფო შეასრულებს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციას სამედიცინო უნივერსიტეტისთვის - პრემიერი
ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის იდეალური პირობები შეიქმნება.
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის სრულად გაანგარიშება ჯერ შეუძლებელია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ხარჯტევადი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ვიდრე არ გვექნება ინფრასტრუქტურის კონკრეტული პროექტი, მანამდე შეუძლებელია საუბარი ხარჯებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ასეულობით მილიონი დაჯდება ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მთლიანობაში ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ იდეალური პირობები შევქმნათ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის.
ოპტიმიზაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის სახლში გაშვებას, რაც ცარიელი სპეკულაციებია. პირიქით, ამ რეფორმის გატარების პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დაგვჭირდება უნივერსიტეტების უზრუნველყოფა რესურსებით და სახელმწიფო ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ პირიქით, ახალი რესურსები მოიზიდოს, როცა საქმე ეხება ადამიანურ რესურსებს", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.17:53
საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი.
„არის ძალიან უხეში სისტემა - წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.