რატომ არ დასრულდა გათვალისწინებულ ვადებში ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
რატომ არ დასრულდა გათვალისწინებულ ვადებში ხიხაძირი-ხიხანის 7 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია? როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და პროექტის დასასრულებლად ახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.
ირკვევა, რომ დეპარტამენტსა და შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი”-ს შორის 2020 წლის 27 ივლისის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №82-20 ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ახორციელებდა ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ21+200 - კმ28+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2022 წლის 21 სექტემბერს დეპარტამენტის მიერ ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, ამოქმედდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და შესაბამისი თანხა ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. ასევე, კომპანიას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 5 სექტემბერს დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა ტენდერი ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი - ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ21+200-კმ28+000 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. წინადადებების მიღება დასრულდა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თუმცა ტენდერი არ შედგა.
2023 წლის 11 ოქტომბერს განმეორებით გამოცხადდა ტენდერი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშოები, რომლის ვადაც განისაზღვრება სამუშაოების დაწყებიდან 16 თვით.
„ასევე გაცნობებთ, რომ დეპარტამენტსა და კომპანიას შორის 2020 წლის 9 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №54-20 ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია აწარმოებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმას მონაკვეთის (ლოტი 1.1) ხულო - გოდერძის უღელტეხილის კმ 0+000-კმ 4+007 მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.
კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2022 წლის
5 აგვისტოს დეპარტამენტის მიერ ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, ამოქმედდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და შესაბამისი თანხა ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
ასევე, კომპანიას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის და პირგასამტეხლოს თანხის ამოღების მიზნით მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, გაცნობებთ, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპანიის მიმართ გახსნილია რეაბილიტაციის რეჟიმი“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
11.03.2026.15:06
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის-Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში ფლობს, მათ შორის, ევროკავშირის MiCAR-ის ჩარჩოში. Bybit საქართველოში ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერების (PSP) ლიცენზიების საფუძველზე იწყებს.
ღონისძიების გახსნისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეებს Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოწინავე გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს საფინანსო სექტორის დინამიურ განვითარებას ადასტურებს.
„მისასალმებელია, რომ ციფრული აქტივების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bybit ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა დაიწყო. მსგავსი გლობალური კომპანიის ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისთვის ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის ზრდა პრიორიტეტულია, რაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამასთან, მან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნული ჩარჩო სექტორის სათანადო რეგულირებას უზრუნველყოფს, რაც ბაზრის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირს გააძლიერებს.
სიტყვით გამოსვლისას Bybit-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა ბენ ჟოუმ კომპანიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ ისაუბრა.
„სასიხარულოა, რომ საქართველო კრიპტოადაპტაციის განვითარების მხრივ მაღალ დონეზეა, სტეიბლკოინების ადაპტაციისა და რეგულატორული ჩარჩოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც სხვა რეგიონებში ვაწყდებით, საბანკო წესები და რეგულაციური შეზღუდვებია. საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიურია და ეს ძალიან კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. აუცილებელია იმის დანახვა, რომ ეროვნული ბანკი ამ ინოვაციურ პროცესს ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება", - განაცხადა ბენ ჟოუმ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „საქართველოს ციფრული ფინანსური ეკოსისტემის მომავალი", რომელშიც მონაწილეობდნენ Bybit-ის CEO და თანადამფუძნებელი ბენ ჟოუ, Bybit Georgia-ის დირექტორი შოთა ლომთაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე, Pave Bank-ის თანადამფუძნებელი და CEO სალიმ დჰანანი და Tether-ის გლობალური გაფართოების და სტრატეგიული პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნეს სექტორისა წარმომადგენლები.