ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან - რევაზ სოხაძე
,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია Gensler, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები იქნებიან ჩართული საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. მიმდინარე წელს ვიწყებთ არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტის მშენებლობას და გვჯერა, რომ სწორად დაგეგმილი და ხარისხიანი პროექტირება გადამწყვეტი იქნება როგორც სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.
რევაზ სოხაძემ, ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან — Gensler-თან პარტნიორობით ამზადებს.
მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება ქართულ კომპანია „დემარკსა“ და ამერიკულ კომპანია Gensler-სა შორის თანამშრომლობით მიმდინარეობს. 1965 წელს დაფუძნებული Gensler საქართველოში პირველ პროექტს სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკლიანი და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პროექტის კონცეფცია, ფუნქციური დატვირთვა და ქალაქის ურბანულ გარემოსთან ინტეგრაციის საკითხები.
Gensler-ის არქიტექტურული ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები — მათ შორის Moody Centre Basketball and Events Arena (აშშ), YOFC-ის სათავო ოფისი (ჩინეთი) და Adobe Founders Tower (აშშ) — თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებად არის აღიარებული. Gensler-ის ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქების იდენტობისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების მისაღები ოთახების მოწყობა. შენობაში ასევე განთავსდება სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლე შეძლებს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია Gensler-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
13.01.2026.17:30
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითაც უწყება ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.
ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.
2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.
პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი).
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.