ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი - ჯანდაცვის სამინისტრო
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.18:07
10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი ნაწილია, უკვე 153 წელია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში და ამყარებს საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის სტატუსს. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი ხელშესახები შედეგი, რომელიც სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომით იქნა მიღწეული. ამასთანავე, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს რკინიგზის შემდგომი გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად," – განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და სისტემის თანამშრომლებმა. სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე უკვე მიღწეულ შედეგებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარების. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რკინიგზის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გაჯანსაღება, მომგებიანობაზე ზრუნვა და ამავდროულად, როგორ ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის ისე გაძლიერებაზე, რომ საქართველოს როლი გლობალურ სატრანსპორტო ციკლში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გააკეთა, მათ შორის ხაზი გაუსვა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს, რომელიც ფაქტობრივად, უკვე დასასრულს უახლოვდება და შედეგად, გაორმაგებულია რკინიგზის დღეს არსებული შესაძლებლობები.
„ამავდროულად ჩვენ მოუთმენლად ველით ბევრი წლის წინ დაწყებული, თბილისი-ბაქო-ყარსის უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემართებით, რომელიც დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს აქვთ, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში ერთად ვიზეიმებთ ამ ახალი პროექტის სრულად ამოქმედებას და ფუნქციურ ოპერირებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სატესტო რეჟიმში სატვირთო მატარებლების მიღების შესაძლებლობა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღონისძიება ტრადიციულად, რკინიგზის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოებით დასრულდა - წელს სისტემის 100-ზე მეტ თანამშრომელს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები გადაეცა.