"ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა ეკონომიკური გაძლიერების ეფექტიანი მოდელია - თინათინ ნიბლოშვილი
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა მოქალაქეთა ეკონომიკური გაძლიერების ეფექტიანი მოდელია.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროგრამა 2018 წელს თბილისის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით ამოქმედდა, სამ კოლეჯთან ერთად თანამშრომლობით დაინერგა და დღემდე ფუნქციონირებს. რაც შეეხება მის ბიუჯეტს, ის დღემდე მზარდია.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას და მათ დასაქმებას შრომით ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში.
თინათინ ნიბლოშვილის ინფორმაციით, 2018 წელს თავდაპირველად პროგრამაზე 1.500 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 700-მდე ადამიანი შეირჩა და გადამზადდა, ხოლო 2025 წელს კი პროგრამაზე მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა, 10.000 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 2500-მდე მოქალაქე შეირჩა და გადამზადდა.
„ამ დროისათვის 80-მდე პროფესიულ სპეციალობაში მოხდა ადამიანების გადამზადება, რომელთაგანაც დაახლოებით 75% დასაქმდა.
ეს პროგრამა არის მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და ბიზნესის თანამშრომლობის რეალური მაგალითი. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბიზნესი კოლეჯს აწვდის იმ დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალს, რომლებშიც გადამზადებული კადრების დასაქმების შესაძლებლობა და სურვილიც აქვს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი გადაამზადებს სასურველ კადრებს, რის შემდეგაც მოხდება მათი დასაქმება ბიზნესის მიერ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თინათინ ნიბლოშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, თუ როგორი დეფიციტური პროფესიები არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მიმართულებით კიდევ მეტი უნდა იმუშაოს, რადგან სწორედ პროფესიული განათლება არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების რეალური და ღირსეული გზა.
სხვა სიახლეები
არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც საშუალებას მოგვცემს , ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითაროთ - მამუკა ხაბარელი
24.02.2026.18:13
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრი მამუკა ხაბარელი ზამთრის ოლიმპიურ თამაშების დახურვას გამოეხმაურა და ვერცხლის მედალოსნებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
„ორი დღის წინ ოფიციალურად დაიხურა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სადაც ძალიან მაგარმა სპორტსმენებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ საქართველოს მოუტანეს ისტორიული ვერცხლის მედალი და ეს მოხდა პირველად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საკრებულოს სხდომიდან მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენს სპორტსმენებს და თითოეულ ადამიანს ვინც მათ წარმატებაში იყო ჩართული. ეს არ მოდის მხოლოდ ენთუზიაზმით, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს მიდგომასა და იმ უამრავ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე რაც ჩვენს ქვეყანაში შენდება“, - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა , რომ ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა შექმნილი და საქართველოს ხელისუფლებისთვის სპორტი პრიორიტეტია
„ზამთრის სახეობებში ჩვენ დავიმკვიდრეთ ჩვენი სახელი. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველო 25-ე ადგილზე გამოჩნდა. მონაწილეობას კი დაახლოებით 100 ქვეყანა იღებდა. სულ ცოტახნის წინ ჩვენ ვუმასპინძლებთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა და შენდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითარო. ამ ვერცხლის მედალს დავუმატოთ უფრო მაღალი სინჯის მედლები. კიდე ერთხელ ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ბევრი წარმატებები გველის წინ“, - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.