ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება - იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12-კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვივნენ. მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება, რაც მართლაც შთამბეჭდავია. გასულ წლებში, რამდენჯერმე ვიმოგზაურე კახეთში, იმერეთს უკვე მეორედ ვეწვიე და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: რა არის ახალი? რა დარჩა აღმოსაჩენი? აღმოჩენები მართლაც ბევრია ჩემთვის. მე არ ვარ მეღვინე, მაგრამ კარგად ვიცნობ ბევრ მეღვინეს და ვხედავ, რამდენად დიდ ძალისხმევას იჩენთ იმისთვის, რომ ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოთ და ღვინის გლობალურ ბაზარზე სწორად წარმოაჩინოთ. ძალიან კარგად ვგრძნობ ამას, ვხედავ დიდ წინსვლას და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი ახალი რამის სწავლა შემიძლია თქვენი 8000-წლიანი ტრადიციული ისტორიის წყალობით. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ ღრმა და მდიდარ ისტორიას. გემრიელი საკვები, მრავალფეროვანი ღვინის სტილი, ყოველ ჯერზე მიხარია აქ დაბრუნება“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2025 ფარგლებში გამართული მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსის Georgia International Wine Award ჟიურის წევრიც იყო.
იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Eine Tokyo, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.12:11
თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევის - დასაქმების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან დაწყებული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ბოლო წლების განმავლობაში იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც რჩება დასაქმება. ბიზნესი ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გვაძლევს ცოდნას, რა სფეროებში სჭირდება ბიზნესს ძლიერი კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვაძლევთ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ პროფესიულ საქმიანობაში განვითარდნენ და დასაქმდნენ. დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განმარტებით კი, განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით 900-მდე პროექტი დაფინანსდა.
„განათლების მიმართულებით არსებული პროექტები მიმართულია იმ საჭიროებებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ჯამში, ნახევარმა მილიონმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. პრიორიტეტულია სწავლის დაფინანსება. მიგვაჩნია, რომ ყველას, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს. ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების კომპონენტი. უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ასევე, ვახალისებთ წარჩინებულ სტუდენტებს. ამისთვის შევიმუშავეთ წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.
„არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი ერთ-ერთი კომპონენტია ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 130-მდე მიმართულებით; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალში 4 000-მდე ახალგაზრდა ჩართულია საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; მოქმედებს 34 მუსიკალური სკოლა, რომელიც იძლევა 15 მოთხოვნადი მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. ჯამში, 9 000-მდე ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მერის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს კულტურული და განათლების სხვადასხვა პროგრამა.
„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების მიმართულებით აქტიურად ფინანსდება სხვადასხვა პროექტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა კულტურული თუ განათლების კომპონენტი, მათთვის, ვისაც სჭირდებათ დამატებითი ხელშეწყობა“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.