ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ქარსაფარი ზოლების სავარაუდო ფართობი 8.72 ჰექტარს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 662 ჰექტარს, იმერეთში სამიზნე ფართობი 1 879.54 ჰექტარია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 342.78 ჰექტარი.
ინვენტარიზაციის ფარგლებში აღირიცხება ქარსაფარ ზოლებში შემორჩენილი ხე-მცენარეთა სახეობები, რაოდენობა, ხნოვანებითი სტრუქტურა და ფაქტობრივი მდგომარეობა. პარალელურად, მზადდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, რის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ტერიტორიების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქარსაფარი ზოლების სტატუსით რეგისტრაცია.
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს. მისი მთავარი მიზანია ქარსაფარი ზოლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მათ სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.
2021-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია ჩატარდა 30 მუნიციპალიტეტში და ჯამურად 12,046.3 ჰექტარი მოიცვა. ამავე პერიოდში, ქარსაფარი ზოლის სტატუსით უკვე დარეგისტრირდა 6,707.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. რეგისტრაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
2026 წელს საქართველოს მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულება იგეგმება, რაც სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის. ზუსტი მონაცემთა ბაზა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმოს ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, რაც ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის პრევენციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აღმასრულებელმა დირექტორმა და კომპანიის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენციაში
26.03.2026.16:28
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა და კომპანიის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენციაში“, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით თბილისში გაიმართა.
კონფერენციამ საუკეთესო პლატფორმა შექმნა საერთაშორისო საინჟინრო და სამშენებლო კომპანიებთან გამოცდილების გასაზიარებლად. შეხვედრის მთავარი თემები იყო:
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი შესაძლებლობები;
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გამჭვირვალე სატენდერო პროცესები;
სექტორის ფინანსური მდგრადობა და ინოვაციური მიდგომები.
GWP აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი ჩვენი აბონენტებისთვის.