ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები შეუფერხებლად მოირწყვება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელ არხს ნატანი მასისგან წმენდს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 65 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები. სამუშაოები არხის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.
„ტაშისკარის სარწყავი სისტემით ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 7000-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ირწყვება.
„საქართველოს მელიორაცია“ აქტიურად აგრძელებს საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციისა და და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა სარწყავ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. კომპანიისთვის სამელიორაციო სისტემის განვითარება პრიორიტეტულია, რადგან მეტი გასარწყავებული ფართობი ფერმერებისთვის ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, აწარმოონ ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 70-კმ-იან მონაკვეთს ააშენებს
30.03.2026.16:30
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური–ზესტაფონის“ ახალ 70-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა „ხაშური–ზესტაფონის“ გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით.
მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.
მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.