ქალაქ ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა გედეკ მაჰმუთმა მოაწერეს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. კონტრაქტის ღირებულება 54 მილიონ ევრომდეა.
სამუშაოების შესრულების ვადა 3 წელია. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით განსაზღვრულია 1-წლიანი დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.
წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, ჩამდინარე წყლების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.
ქუთაისში ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა, ქალაქ ქუთაისში წყალარინების სისტემების განახლება ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზად განხორციელდება. აღნიშნული მიმართულებით პირველი ფაზის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
თბილისის შემოვლითი გზის აეროპორტი–რუსთავის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
24.03.2026.13:15
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
მე-4 ლოტი მოიცავს 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს (თბილისის აეროპორტი – ლოჭინის კვანძი), ხოლო მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და ლოჭინის კვანძიდან რუსთავის მიმართულებას მოიცავს.
აღნიშნულ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15,136,926 აშშ დოლარს შეადგენს.
საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და მისი შესყიდვების წესების შესაბამისად.
დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები (ინტერესის გამოხატვა) უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე, აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით, არაუგვიანეს 2026 წლის 21 აპრილისა.
ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობა 90 თვეა.
თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვან ნაწილს. პროექტი ერთდროულად ემსახურება საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.
თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და რამდენიმე ლოტად ხორციელდება.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1774264379