პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 - კონკურსი გამოცხადდა
კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“, რომელიც მერვედ გამოცხადდა, წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას პროფესიული განათლების განვითარებასა და ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ხსენებულ კონკურსში დაარსებიდან აწესებს სპეციალურ ჯილდოს. წელს, სააგენტოს სპეციალური ნომინაცია გახლავთ, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც გამოირჩევა განხორციელების თავისებურებებითა და ბიზნესთან თუ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკითა და შედეგებით.
აღნიშნული ნომინაცია ემსახურება ქვეყანაში, ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, ასევე კერზო სექტორის აქტიურ ჩართულობას პროფესიულ განათლებაში.
კონკურსის შესახებ ძირითადი ნომინაციები, დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ: https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ 2017 წლიდან იმართება, კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
18.06.2025.15:32
შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისივე თქმით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი, უპრეცედენტო მასშტაბის, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტთან დაკავშირებით.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო.
სამართალდამცველებმა, გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს.
კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".
საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ეს უპრეცედენტო ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გენერალურ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.
სამართალდამცველების მიერ, აქტიურად გრძელდება შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები, აღნიშნულ ნარკოტრეფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.