პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
პირველი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება - N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.
„აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე რვა ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობდა, ხოლო განახლებულ მარშრუტზე მგზავრებს 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, რაც გაზრდის ტევადობასა და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე, შემცირდება მოლოდინის დრო. ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.
გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.
სხვა სიახლეები
ჟინვალის ჰიდროკომპლექსი 40 წლის გახდა
28.10.2025.17:01
ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჰიდროკომპლექსის იუბილესთან დაკავშირებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვეტერანი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გამართა. კომპანიამ მათ წლების განმავლობაში გაწეული თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
დღეს ჟინვალის ჰიდროკომპლექსი ქვეყნის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი ობიექტი და სიდიდით მეორე წყალსაცავია საქართველოში. კაშხლის სიმაღლე 102 მეტრია, ხოლო წყალსაცავის მოცულობა 520 მილიონ კუბურ მეტრს წარმოადგენს.
2008 წლიდან კომპლექსის ოპერირებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ახორციელებს, რომელიც 2022 წლიდან უკვე ესპანური კომპანია Aqualia-ს მმართველობის ქვეშ არის. კომპანია მუდმივად ზრუნავს სისტემის უსაფრთხოებაზე, მართვისა და დაცვის ტექნოლოგიურ განახლებასა და ენერგოეფექტურობზე. განახლდა ძალოვანი დანადგარები, დაინერგა თანამედროვე მონიტორინგისა და ავტომატიზებული კონტროლის სისტემები.
“GWP-სა და Aqualia-სთვის ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული აქტივია. ჩვენი ყურადღება და ძალისხმევა მის უსაფრთხო და ეფექტიანად მართვისკენ არის მიმართული და მუდმივად ვზრუნავთ სისტემის ტექნოლოგიურ განახლებაზე.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჟინვალის გამართულ ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებული მადლობა იმ ვეტერან თანამშრომლებს რომლებიც ჰიდროკომპლესის ამოქმედების დღიდან ერთგულად ემსახურებიან ჟინვალჰესს.”- ხოსე მიგელ სანტოსი, GWP-ის გენერალური დირექტორი.
ჟინვალის ისტორია მხოლოდ ტექნოლოგია არ არის — ეს ადამიანების ისტორიაა. იმ ადამიანების, რომლებმაც ობიექტის მშენებლობასა და ამოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს და დღემდე ერთგულად აგრძელებს მის მოვლას.