პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1 340 ადგილი გამოიყოფა
პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის სისტემაში რეგისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს კვლავ შეუძლიათ.
„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1-ელი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მივიხდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის - ორი ადგილი.
„შეგახსენებთ, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეოებისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევებში, პარკირების ღირებულება შეადგენს ერთი საათი ერთ ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით უფასოა.
სხვა სიახლეები
31.07.2025.10:36
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი მეწარმე სუბიექტის მიმართ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელევს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მათ თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - ჯამში 865 904 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მობილიზების მიზნით.
საგამოძიებო სამსახური მეწარმე სუბიექტებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დროულად უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდა.