პირველად ისტორიაში, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განხორციელდება - ლევან მოსეშვილი
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
,,საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა. ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული გადამზიდავი. ნორვეგიის ავიახაზები, სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს ოპერირებას კოპენჰაგენი–თბილისი-კოპენჰაგენის პირდაპირ მიმართულებაზე.
27 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, პირველად ისტორიაში, ჩვენს დედაქალაქებს შორის განხორციელდება პირდაპირი რეგულარული რეისები. ეს გადაწყვეტილება გაამყარებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ კავშირებს საქართველოსა და სკანდინავიას შორის.
მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარი იზრდება, ავიაკომპანიების მრავალფეროვნებასთან ერთად და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ევროპელი მგზავრებისთვის,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია.
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021 წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.
სხვა სიახლეები
სებ-ისთვის მნიშვნელოვანია BARTA-ს მსგავსი კონკურსი, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობასა და გამჭვირვალობის ხარისხზე შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი - ეკატერინე მიქაბაძე
20.11.2025.15:01
BARTA-ს კონკურსი ერთმნიშვნელოვნად იქცა ანგარიშგების საუკეთესო სტანდარტების წარმოჩენისა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმად ქართული კორპორაციული სექტორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიმდინარე წლის „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს" (BARTA) კონკურსსა და მის განხორციელებაში სებ-ის როლზე საუბრისას განაცხადა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი ბარტას დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართულიპროცესში და ამ ჩართულობის ხარისხი წელს უფრო გაიზარდა. სებ-ისთვის, როგორც რეგულატორისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხი არის ის, რაზეც ფუნდამენტურად შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი. სწორედ საუკეთესო ანგარიშგების პრინციპების დაცვით ხდება ზოგადად ზედამხედველობა, რაც მნიშვნელოვანია", – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისივე თქმით, BARTA-ს კონკურსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის დაგვირგვინებას და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმას წარმოადგენს.
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის მასშტაბი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც ადგილობრივი ზედამხედველების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
„ამდენი სტეიკჰოლდერის მონაწილეობა ნიშნავს მოცვის მნიშვნელოვან გაზრდას.უფრო მეტ ორგანიზაციას შეგვიძლია დავანახოთ ის პოტენციალი, რაც ბარტას აქვს მათი გამჭვირვალობის ზრდისთვის. BARTA არ არის მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის - ახალი კომპანიებიც ახერხებენ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც დებიუტანტისა და გაუმჯობესებული ანგარიშგების ნომინაციებიც ნათლად აჩვენებს. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინონ, BARTA მათთვის არის პლატფორმა, ჩვენთვის კი შესაძლებლობების დანახვების საშუალებაა," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
BARTA 2025 წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალს 10 ნომინაციაში საზეიმო დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.