თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება - ლევან ჟორჟოლიანი
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რომლებიც მგზავრებს ასევე უსასყიდლოდ მოემსახურება.
„ასევე, საქართველოს რკინიგზა ამავე რიცხვებში უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გავუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს 21-22 მარტს, შაბათ-კვირას თბილისში ჩამოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
19.03.2026.14:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
აქვე აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით.
„სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, 21 და 22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი სრული დატვირთვით, როგორც სამუშაო დღეებში, ისე იმოძრავებს და ყველა მიმართულება იქნება უფასო. თბილისის მიმართულებით 16 ათასამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თბილისიდან ბოლო ავტობუსი შაბათს, ხუთივე მარშრუტზე ღამის 01:00 საათზე გამოვა“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.
გადაწყვეტილება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.