პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი - ზაქარია წიკლაური
პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი. როცა ქვეყანა უღმერთობისა და შიშის ჩრდილში იყო გახვეული, როცა რწმენა დევნილი იყო და ეკლესიის კარი - ნახევრად დახშული, ზუსტად მაშინ აიღო მისმა უწმინდესობა ჯვარი და წაიყვანა ერი სიბნელიდან სინათლისკენ, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, გააკეთა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, უწმინდესის პატრიარქობა დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის.
„სწორედ პატრიარქის მუხლჩაუხრელი შრომისა და ბრძოლის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ ჯერ დედა ეკლესიის ავტოკეფალია აღიდგინა და მერე - დამოუკიდებლობა. სწორედ ის იყო ხიდი ორ ეპოქას შორის. დამონებულ წარსულსა და თავისუფალ, მაგრამ მერყევ მომავალს შორის. სწორედ მან აღადგინა ის, რაც თითქმის დაკარგული იყო: რწმენა საკუთარ თავში, რწმენა ღმერთში და რწმენა, რომ საქართველო არასდროს გაქრებოდა. სამწუხაროდ, ისტორია გულუხვი არაა და იშვიათად შობს ასეთ პიროვნებებს. სიმბოლურია, რომ სწორედ ხვალ არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა საკრებულოს სხდომაზე.
მისივე განცხადებით, ილია II-ის დამსახურება არ იზომება არც მისი მოღვაწეობის წლების რაოდენობით, არც მის მიერ აგებული ტაძრების სიმრავლითა და არც მისი ქადაგებებით, მისი ისტორიული დამსახურება ქართველი ერის სულის გადარჩენა იყო.
„49-წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში. ეს იყო განაცხადი იმისა, რომ მან შეძლო თითოეულ ჩვენგანში გაეღვიძებინა მართლმადიდებლური სული, გაეერთიანებინა ერი და ბერი და დიახ, ვალმოხდილი წარმდგარიყო უფლის წინაშე.
მან ასწავლა ხალხს, რომ რწმენა არ არის მხოლოდ რიტუალი. მის მიერ დანთებული სინათლე არ ჩაქრება. ილია მეორემ შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით, მან გააერთიანა ხალხი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
24.03.2026.18:08
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.