პარლამენტში დღეს „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ
დღეს საკანონმდებლო ორგანო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით „გრანტის“ ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
აგრეთვე, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდების კანონპროექტი კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილება.
წარმოდგენილი იქნება დაზუსტებული ნორმატიული ფორმულირებები. კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება და ამას კანონის სახე სხვადასხვა კომიტეტზე განხილვების შემდეგ მიეცემა.
სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში არსებულმა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, რომელიც რადიკალიზმის, ექსტრემიზმისა და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის უწყებების დაზიანებისკენ იყო მიმართული.
„მთლიანად ეს რესურსი, რომელიც მობილიზებულია ქვეყნებში შემოსატანად, როგორც შავი ფული - პირდაპირ, გაცხადებულად, არის იმ პროცესების დასაფინანსებლად, რასაც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ექსტრემიზმს უწოდებენ. ექსტრემიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომ შექმნან პარალელური სტრუქტურები, არ აღიარონ სახელმწიფო სტრუქტურები. შესაბამისად, თუ რამე კანონები არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველა უნდა იყოს დარღვეული და ეს იქნება დაფინანსებული და მხარდაჭერილი პოლიტიკურად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქმნის თავდაცვის გარკვეულ მექანიზმს და სწორედ ამ მექანიზმებს მოიცავს ეს კანონპროექტები“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
16.04.2026.16:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგკურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროგრამა აერთიანებს საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ელექტროენერგეტიკის რეგულირების შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს საქმიანობას ელექტროენერგეტიკის მართვისა და რეგულირების მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავს ევროპული მარეგულირებელი პრაქტიკებისა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას.
ტრენინგებს ჩაატარებენ ენერგეტიკის სექტორის გამოცდილი სპეციალისტები. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი, ხოლო ტრენინგკურსი 18 მაისს დაიწყება.
კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3OJekiL