ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები, არსებული გაურკვევლობები და მომავლისთვის მზადება იყო. დისკუსია ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის, ენდრიუ ბეილის მოხსენებით გაიხსნა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა.
დისკუსიის ფარგლებში სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ და სომხეთმა წარმატებით დანერგეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა.
ნათია თურნავამ კოლეგებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ახალი, რისკების ანალიზისა და მართვის ჩარჩო და დეტალურად ისაუბრა მონეტარული კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე.
„ეროვნული ბანკი სისტემატურად ამზადებს ანალიზს შესაძლო ეკონომიკური განვითარების სცენარებზე, რაც საშუალებას აძლევს ინსტიტუციას დროულად დაგეგმოს ნაბიჯები და უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა. ეს მიდგომა ზრდის მონეტარული პოლიტიკის სანდოობას და აძლიერებს ბიზნესისა და ფინანსური სექტორის ნდობას ეროვნული ბანკის მიმართ, განსაკუთრებით გარე რისკებისა და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს პირობებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ ასევე დადებითად შეაფასა სსფ-ის მიერ ორგანიზებული მსგავსი დისკუსიები და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გაცვალონ მოსაზრებები, თუ როგორ გახადონ თავიანთი პოლიტიკა უფრო ეფექტიანი ისეთ გარემოში, სადაც იზრდება რისკები და არაპროგნოზირებადობა.
„ამ პლატფორმის საშუალებით ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული დეპარტამენტი აქტიურად უწყობს ხელს,“ – აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
20.10.2025.12:25
22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით „თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართება. სამიტს დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
„თბილისის ფინანსური სამიტის" მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიღებენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტობირჟა - Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი და სხვა.
სამიტის გახსნითი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, პანელურ დისკუსიებს კი სასტუმრო „ტელეგრაფი" უმასპინძლებს.