ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გამართულ IV საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას 20-მდე ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე ნათია თურნავამ კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ეროვნული ბანკის როლსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ სფეროში ეროვნული ბანკის მიზანია არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ბაზრის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ჩვენთვის მთავარია სწორ ბალანსზე ყოფნა. ერთი მხრივ, საფინანსო სისტემის სტაბილურობა, მეორე მხრივ კი, კონკურენციის ხელშეწყობა. სწორედ ამ ორი მიმართულების სინთეზზე დგას ეროვნული ბანკის პოლიტიკა," - განაცხადა მან.
ნათია თურნავას გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომხმარებელთა დაცვის კონტექსტში.
„ინფორმირებული მომხმარებელი ყველაზე მეტად დაცულია. ამიტომ განსაკუთრებულად ვაქცევთ ყურადღებას ფინანსური განათლების პროგრამებს, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, რათა ბავშვობიდანვე ჰქონდეთ ცოდნა და უნარები საკუთარი უფლებების დასაცავად," - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლებში ეროვნულ ბანკში გაძლიერდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობა, რომელსაც დაემატა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება. აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელს ხდის უფრო პროაქტიულ და რისკებზე დაფუძნებულ მონიტორინგს როგორც კომერციულ ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა საფინანსო სუბიექტებში.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკში მოქმედ დავების განმხილველ კომისიაზე, რომელიც საგადახდო სფეროში არსებულ მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს.
„კომისიამ ორი წლის განმავლობაში 91 საჩივარი მიიღო, რომელთაგან ნახევარზე მეტი მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. საერთო ჯამში მომხმარებლებს აუნაზღაურდათ 600 ათას ლარზე მეტი," - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალ მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზეც. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ქალ მეწარმეებისთვის დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების შექმნას.
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ჩინეთს შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის" მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება - თამარ იოსელიანი
13.11.2025.16:48
„საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობას შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სხვა სექტორებში. ველოდებით, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვა მეტი ჩინური ავიაკომპანია, გაიზრდება რეისები და სიხშირეები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ მემორანდუმი ჩინეთში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტის დროს გაფორმდა და მას ხელი მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მოაწერა.
თამარ იოსელიანის განცხადებით, ჩინეთში გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობა ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით გაძლიერდება. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია და შეთანხმდნენ, რომ სატვირთო ავიამიმოსვლის შემდგომი ხელშეწყობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ.
"ჩვენი ძალიან ოპტიმისტური მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში გაიზარდება ჩინეთთან ფრენების მიმართულებები და სიხშირეები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მგზავთნაკადის ზრდაზე", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ამჟამად საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ორი ჩინური ავიაკომპანია - China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ახორციელებს, სამგზავრო ფრენები კი კვირაში 5 სიხშირით სრულდება. ამა წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 88,627 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 81%-ით მეტია.