ნათია თურნავა - სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა
აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია. „საუბრები გვქონდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე. უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებს ველოდებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. იცით, რომ წინა მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მედეგობა სხვადასხვა შოკის მიმართ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი მიმოხილვაც ასეთივე პოზიტიური შეფასებებით დასრულდება. ასევე იცით, რომ სსფ-სთან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოვონ ეს თანამშრომლობა, რაზეც ასევე პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს, სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ის, Citibank - ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა.
აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარე უბნების პოპულარობა, ინვესტორთა სტრატეგიები და NB TOWER-ის როლი უძრავი ქონების ტრანსფორმაციაში
სხვა სიახლეები
20.10.2025.13:25
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ყველა ლოკაცია მზადაა წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩასატარებლად. 22 - 23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს.
ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. გახსნითი პანელი - მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართება.
წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
2025 წელს ღონისძიების სლოგანი იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.