ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების (MEDEF) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში წარმოდგენილი იყო 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნეს ჯგუფი და კომპანია, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ დელეგაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური პროგნოზებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღინიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული და ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეს დაუახლოვდება.
ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგომარეობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სექტორში ჯანსაღი ვითარება ნარჩუნდება. ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების გონივრულ პოლიტიკას, რის შედეგადაც რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა.
ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინტექის განვითარების მიმართულებებსაც
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფასებს საფრანგეთთან ხანგრძლივ ურთიერთობას და ფრანგი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ.
სებ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე
14.04.2026.19:00
ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.
„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.