ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
განიხილეს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს შემდგომი განვითარების საკითხები. მათ შორის, ლიკვიდობის მართვის ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებული უზრუნველყოფის ჩარჩოს დახვეწისა და შესაბამისი რისკების მართვის საკითხები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ლარის ფულად და სახაზინო ვალდებულებების ბაზრებზე ლიკვიდობის გაუმჯობესებასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას, განსაკუთრებით, რეპოს ბაზრის განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ სსფ-ის ტექნიკური დახმარების მისიამ მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან ინტენსიურ რეჟიმში პროდუქტიული შეხვედრები გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, ასევე, საპენსიო სააგენტოსა და წამყვანი კომერციული ბანკის ხაზინის სამსახურების ხელმძღვანელებთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია სსფ-თან თანამშრომლობა მონეტარული ოპერაციების განხორციელების ჩარჩოს მუდმივი გაუმჯობესებისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი პარტნიორებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და ეროვნული ბანკის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლვივში Erasmus+ პროექტის, PROMENT-ის დასკვნით ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ
02.03.2026.14:05
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ Erasmus+ საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორობისა და ტუტორობის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROMENT) - დასკვნით ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები - ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ლვივის პოლიტექნიკურ ეროვნულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრასა და გალა კონფერენციას დაესწრნენ.
შეხვედრებზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ფარგლებში დანერგილი მენტორობისა და ტუტორობის სისტემის შედეგები. გალა კონფერენციის მიმდინარეობისას, პარტნიორმა მხარეებმა აღნიშნული სქემების პრაქტიკული იმპლემენტაციის შესახებ დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს, საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო განვითარების ახალი პერსპექტივები დასახეს.
„პროექტის შემაჯამებელი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან მონაწილე უნივერსიტეტებს ოფიციალურად გადაეცათ ხარისხის სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო დონეზე ადასტურებს განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. PROMENT-ის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს მენტორობისა და ტუტორობის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა სტუდენტთა მხარდაჭერის მდგრად და სისტემურ ინსტიტუციურ მექანიზმად. ცენტრი ინტეგრირებულია უნივერსიტეტის მართვისა და სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, საქმიანობას ახორციელებს დამტკიცებული შიდა რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას. ცენტრში დაინერგა 12 სხვადასხვა სქემა, ჩატარდა თემატური ტრენინგები და გაძლიერდა როგორც აკადემიური, ისე სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი მოდელები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა მხარდაჭერის, ჩართულობისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას”, - აცხადებს გიორგი მიქიაშვილი.