ნათია თურნავა ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ცვალებად გარემოში არსებულ ფინანსურ სისტემებზე და მსოფლიოს შეცვლილი დღის წესრიგის პირობებში მონეტარულ პოლიტიკაზე.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან.
ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ასგეირ იონსონი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური ფინანსური სისტემა ცვალებად გარემოში: გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე.“
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.09:52
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. მათ შორის არიან ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. ღონისძიების სტუმრები მოისმენენ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის მილოცვას.
შეკრებილი სტუმრების წინაშე ასევე წარსდგებიან სორბონის უნივერსიტეტის, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.
პანელური დისკუსიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.