ნათია თურნავა აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა შეხვედრას გამართავს ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან, სანჯაი მალჰოტრასთან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ის, Citibank - ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარსდგება.
აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
სხვა სიახლეები
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
07.11.2025.12:28
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, სამწუხაროდ, ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, - განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივი შემთხვევის გამო ორი პირი დააკავეს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, 11 000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.
საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს - უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.