„ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს კანონის პროექტის „ნადირობის შესახებ“ სამუშაო ვერსია განიხილეს. კანონპროექტის სამუშაო ვერსია შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა წარადგინა. ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებას; მოხდება ადგილობრივი სახეობების აღწარმოება, სანადირო მეურნეობების წინასწარი დაპროექტება, საზოგადოებრივი სავარგულების დადგენა და ადგილობრივ სახეობებზე ნადირობის დაშვება ინდივიდუალური ლიცენზიით", - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა.
ნადირობის შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიზანია სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა; სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა; ნადირობის ტრადიციის შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სანადირო სისტემის შექმნა; საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კერძოდ, ფაუნის ცალკეულ სახეობათა რიცხოვნობის ზრდა მათი აღრიცხვის, მონიტორინგისა და აღწარმოების ღონისძიებების გამოყენებით.
კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა
25.03.2026.16:15
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს. ეს არის თარიღი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე კაცობრიობის მდგრადი განვითარების მიმართულებით. წყალი არის სიცოცხლის საფუძველი, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა და სტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილება, ურბანიზაციის ზრდა, წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება და დაბინძურება ის პრობლემებია, რომლებიც გვაიძულებს, კიდევ უფრო ღრმად და პასუხისმგებლობით მივუდგეთ წყლის მართვის საკითხებს. თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება და ამ ცვლილებებთან ადაპტაცია შეუძლებელია ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის გარეშე. სწორედ სტუდენტები წარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ და ინოვაციურ ძალას, რომელსაც შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ახალი ხედვების, მიდგომებისა და ტექნოლოგიების შეთავაზება. მივესალმები წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს და წარმატებას ვუსურვებ ღონისძიების მონაწილეებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისთან დაკავშირებულ სპეციალურ მიმართვაში აღნიშნა.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მეხუთე ფორუმს ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე; კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (gwp) ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი; შპს „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი პაატა ცინცაძე, წყალმომარაგების, ენერგეტიკის და ჰიდროინჟინერიის სფეროების სპეციალისტები, ექსპერტები, სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.
ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისა და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა.
როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, ფორუმზე წყლის ინჟინერიის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის სამეცნიერო-ტექნოლოგიური გზები განიხილება, სადაც საკუთარ ხედვებს ერთმანეთს უზიარებენ მეცნიერები, პრაქტიკოსები და ახალგაზრდა თაობა. მისივე თქმით, საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენს მეცნიერებთან ერთად სტუდენტების როლი წყლის ინჟინერიის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების ძიების პროცესში. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ჩართვას. სასწავლო პროცესთან ერთად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო პროექტებში, იმუშაონ თანამედროვე ლაბორატორიებში და ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან. ეს გამოცდილება მათ პროფესიულ ცოდნას უღრმავებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები არ შემოიფარგლონ მხოლოდ თეორიული ცოდნით. წყლის რესურსების მართვა მოითხოვს კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ ხედვას, სადაც ინჟინერია, ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ მრავალმხრივი ცოდნის შერწყმა ქმნის საფუძველს მდგრადი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის“, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
ფორუმზე მკვლევრებმა და სპეციალისტებმა განიხილეს თემები, რომლებიც ეხმიანება ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს: ფერადი მეტალურგიის ჩამდინარე წყლების მძიმე მეტალებისგან გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები - მდგრადი განვითარების პერსპექტივები; წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისათვის ნიადაგ-გრუნტის ძირითადი მახასიათებლების დადგენა; წყალსაცავში ღვარცოფული ტალღების პროგნოზირებისა და კაშხლის გადავსების რისკების შეფასებისთვის მიახლოებითი ანალიტიკური დამოკიდებულებები; წყალმომარაგების ექსპლუატაციის თანამედროვე გამოწვევები - მიწისქვეშა წყლების დაცვა დაბინძურებისა და დაშრეტისაგან. შავი ზღვისა და მასში ჩამავალი მდინარეების თანამედროვე ხარისხის შეფასება; საქართველოს მინერალური წყლების რესურსული პოტენციალი და მათი რაციონალური გამოყენება; საქართველოს წყლის რესურსების ენერგეტიკული ათვისების პრიორიტეტები; წყლის რესურსების დაცვა და სასმელი წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები; კოლხეთის დამშრობი სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის გასაწევი დანახარჯების ნომენკლატურა და მათი გაანგარიშების ნორმები.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს ფორუმის ორგანიზატორებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე, წლევანდელი წყლისა და მყინვარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა და სტუდენტთა მე-3 ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ ერთობლივი ძალებით გამოცემული საფაკულტეტო ჟურნალის მეორე ექსპერიმენტული გამოშვება გადაეცათ.