მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 და 2026 წლებისთვის გაზარდა - ვახტანგ ცინცაძე
მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7%-ია, რაც ივნისის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც 0.5 პ.პ-თი მეტია წინა პროგნოზზე.
„2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერია, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, როგორც 2025, ისე 2026 წელს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ქვეყანაში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025-2027 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.8% იქნება, რაც ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შენელებისა და გამოწვევების მიუხედავად, რეგიონი მდგრადობას ინარჩუნებს. 2025 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2.4%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევიან თურქეთი (3.5%), პოლონეთი (3.2%) და ცენტრალური აზია (5.9%).
სხვა სიახლეები
08.10.2025.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს ფარი ალ გარნის შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საინვეტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხები.
„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263 პროცენტით, 2025 წლის 6 თვეში კი 70 პროცენტით გაიზარდა. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური ორგანოს (GAFT) მმართველს მოჰამედ აბრულ ალ-აბდულჯაბარს. შეხვედრაზე განიხილეს ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები, შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო მისიების, ბიზნეს ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობებზე და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა გასატარებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი.