მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმიანობას ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად - ცესკო
კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში, რომელსაც კომისია ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ თავდასხმასთან დაკავშირებით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულ პოზიციასთან, არამედ სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.
2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი. თუმცა ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის საკითხი თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.
ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებაში შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო, რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებაში არ ჰქონიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულ პოზიციასთან, არამედ სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან, რომელთა მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და დისკრედიტაცია, შედეგებთან მიმართებაში უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა უპასუხოდ, რადგან დეზინფორმაცია და მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.
სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.
ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს.
ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად", - აცხადებს ცესკო.
სხვა სიახლეები
18.06.2025.15:32
შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისივე თქმით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი, უპრეცედენტო მასშტაბის, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტთან დაკავშირებით.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო.
სამართალდამცველებმა, გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს.
კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".
საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ეს უპრეცედენტო ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გენერალურ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.
სამართალდამცველების მიერ, აქტიურად გრძელდება შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები, აღნიშნულ ნარკოტრეფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.