ლუგანოს გენერალური მდივანი - ჩვენი ქალაქები ალპებისა და კავკასიონის სიახლოვეს მდებარეობს. ეს მთები გვახსენებს მყარი საფუძვლის ქონისა და ამავდროულად შორ მომავალზე ორიენტაციის უნარის შენარჩუნების მნიშვნელობას
მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ საქართველოს, თუმცა პარალელურად, ჩვენც ვსწავლობთ საქართველოსგან და ვეცნობით თქვენს რეგიონში მიმდინარე უამრავ შესანიშნავ ინიციატივას", - ამის შესახებ ქალაქ ლუგანოს გენერალურმა მდივანმა, რობერტ ბრეგიმ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ლუგანოსა და თბილისს უნიკალური მდებარეობა აერთიანებს: როგორც ლუგანო, ისე თბილისი დიდ მთათა სისტემების – ალპებისა და კავკასიონის სიახლოვეს მდებარეობს. ეს მთები შეგვახსენებს მყარი საფუძვლის ქონისა და ამავდროულად შორ მომავალზე ორიენტაციის უნარის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ეს, საბოლოო ჯამში, არის ის რასაც ფინანსური ინოვაცია ითხოვს: სტაბილურობა, გაერთიანებული ხედვასთან", - აღნიშნა რობერტ ბრეგიმ.
ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივნის განცხადებით, ქალაქებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ პასუხისმგებელი ფინანსური ინოვაციების წახალისებასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ძლიერი ხიდების მშენებლობაში როგორც საჯარო ინსტიტუციებსა და კერძო პარტნიორებს შორის, ასევე ციფრულ და ტრადიციულ ფინანსებს შორის.
„დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ინოვაცია უნდა მოემსახუროს კონკრეტულ მიზანს. ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს. ტექნოლოგიის გამოყენებით, უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას და უზრუნველყოფას, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენი მუშაობის ცენტრში დგას მარტივი რწმენა: ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ნათელი მომავალი, სადაც ინოვაცია შეზღუდული არ იქნება მხოლოდ მცირე ჯგუფზე, არამედ გახდება საზოგადოების მხარდაჭერის, მეტი ადამიანის ჩართვისა და საერთო კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი", - განაცხადა მან.
რობერტ ბრეგიმ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დიალოგის აუცილებელობაზე რაც ძლიერ, ინოვაციურ და მდგრად ფინანსურ სისტემებს ქმნის, რომლებიც საბოლოო ჯამში როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესებს ემსახურება.
„ჩვენი მიდგომა ძალიან პრაქტიკულია: ინოვაციებს ვაერთიანებთ სამართლებრივ სიცხადესთან, გამჭვირვალობასთან და გრძელვადიან ხედვასთან. გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ვახორციელებთ ინვესტიციებს სისტემებში, რომლებიც მოქალაქეებსა და ბიზნესს უადვილებენ ურთიერთობას საჯარო სერვისებთან, ფინანსურ ბაზრებთან და ახალ ციფრულ აქტივებთან. მოდით, გავაგრძელოთ ინოვაციები და ერთმანეთის შთაგონება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ინოვაცია უნდა იყოს დაფუძნებული პასუხისმგებლობაზე, საჯარო ნდობაზე და გრძელვადიან ხედვაზე", - განაცხადა თავის სიტყვაში ლუგანოს გენერალურმა მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოქჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარებაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.06.2025.11:53
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.
„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.
ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა.
უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.
გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, – ვკითხულობთ სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.