მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი - ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ | კახა კალაძე
თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე, - განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, თოვლის სახით მოსულ უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა.
„თოვლი ჩვენი ქალაქისთვის უცხო არ არის, რის გამოც ზამთრის სეზონს ყოველთვის მომზადებული ვხვდებით. ველოდით უხვ ნალექს და გვქონდა სრული მზადყოფნა. მომზადების მიუხედავად, ჩვენს მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეექმნა. ქალაქში დაფიქსირდა ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძების წაქცევის უამრავი ფაქტი. მათ შორის, ზიანი მიადგა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციას და იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეულ ეგზემპლარებს. ასევე, არაერთ მისამართზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი და მიწის მასა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაფიქსირდა გადაადგილების პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს და მთავრობის წევრებს.
„გზების ინტენსიურად წმენდის გარდა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს და მათ წარმომადგენლებს მოუწიათ, პროცესში 24-საათიანი ჩართვა, რათა არსებული გამოწვევები მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებულიყო. ჩვენი რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, კონტრაქტორი და პროვაიდერი კომპანიები, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დღემდე აქტიურად არის ჩართული უამინდობით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში. თითოეულ მათგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, ვინც კურირებდა აღნიშნულ მიმართულებას, გამგებლებს, მთავრობის წევრებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შექმნილი პრობლემების მყისიერად მოგვარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ოპერატიულად ეხმარებოდნენ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ პრობლემური საგზაო მონაკვეთის შესახებ. არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე. ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და შეძლებისდაგვარად, არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა მათი არცერთი გასაჭირი. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი და ეტაპობრივად, ყველა დაზარალებულს მივხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
16.04.2026.16:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგკურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროგრამა აერთიანებს საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ელექტროენერგეტიკის რეგულირების შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს საქმიანობას ელექტროენერგეტიკის მართვისა და რეგულირების მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავს ევროპული მარეგულირებელი პრაქტიკებისა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას.
ტრენინგებს ჩაატარებენ ენერგეტიკის სექტორის გამოცდილი სპეციალისტები. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი, ხოლო ტრენინგკურსი 18 მაისს დაიწყება.
კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3OJekiL