მიმდინარე წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი ხდება „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან კი მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ამოქმედდება.
დედაქალაქის მერმა „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ პროგრამა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს.
„გვაქვს ამბიცია, თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ყველა პირობა გექნებათ საიმისოდ, რომ შექმნათ არა მხოლოდ თქვენი მომავალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ თქვენს მიღწევებს ყველა სფეროში, რადგან სწორედ წარმატებული თაობა უყრის საფუძველს ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას. თბილისის მერია, ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც არის განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალი პროფესიების დაუფლება, დასაქმების ხელშეწყობა და სხვა. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის მიმდინარე წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი ხდება „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს და ათ მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, კულტურისა და გართობის სერვისებზე. ბარათი მფლობელებს ასევე სთავაზობს ათასობით ფასდაკლებას განათლების, მოგზაურობის, სპორტისა და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე.
„ფასდაკლებების გარდა, პროგრამა ახალგაზრდებისთვის შექმნის საგანმანათლებლო, მოახლისეობრივ აქტივობებს და გახსნის კარს მრავალ ევროპულ შესაძლებლობაზე, როგორებიცაა: ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები და სხვა. ბარათის გაცემის დღიდან ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ იმავე ფასდაკლებებს, რასაც სხვა ქვეყნებში ახალგაზრდული ბარათის მომხმარებლები ფლობენ. პროგრამისთვის უკვე შექმნილია შესაბამისი ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლების, მათი მიღების გზების შესახებ დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, პროგრამა ხორციელდება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომლის ექსკლუზიურ პარტნიორს თბილისის მერია წარმოადგენს. მუნიციპალიტეტისა და „საქართველოს ბანკის“ ურთიერთთანამშრომლობით კი, ევროპული შესაძლებლობები მობაილ ბანკშივე, ერთ ციფრულ სივრცეში საბანკო სერვისებთან გაერთიანდება.
დედაქალაქის მერმა „საქართველოს ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდების წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით და ახლო მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ერთიანი საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს, ქვეყანა აქციოს ეკონომიკურად ძლიერ, საუკეთესო შესაძლებლობების ადგილად. ჩვენ კი მზად ვართ, თქვენი ინციატივები, თქვენი იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და კეთილდღეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ასევე, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.16:15
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამზე მეტი არადეკლარირებული, სერტიფიცირებული/უნიკალური ნუმერაციის მქონე ოქროს ზოდები და საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 131 657 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.