მეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.
მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სხვა სიახლეები
25.08.2025.13:18
ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის მორიგი სემინარი გაიმართა. სემინარს „არასაბანკო სექტორის მდგრადობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ამჯერად დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემინარზე არასაბანკო სექტორის მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების ინსტრუქციას. ისაუბრეს საოპერაციო რისკების შემცირების აუცილებლობაზე. ასევე, ცალკე მოდული დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, მათ შორის, პრევენციული ზომების მნიშვნელობას.
სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს და სულ უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი მოიცვას, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ივლისში სემინარი ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა. წლევანდელი სემინარების სერიამ სულ ორასამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი მოიცვა.