მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შემუშავდა
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჟამად, ტერიტორიაზე ქაოსური სიტუაციაა, გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.
„მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა. ამჟამად, იქ ქაოსია, ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს, კერძო ავტომანქანები ქაოსურად არის დაპარკინგებული. ამიტომაც გვინდა ამ სივრცის მოწესრიგება, რომ ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
„გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინეთი ფართო და საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის – ღვინის კომპანია „დოესი ესთეითი“ CIIE 2025-ზე
სხვა სიახლეები
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
07.11.2025.12:28
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, სამწუხაროდ, ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, - განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივი შემთხვევის გამო ორი პირი დააკავეს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, 11 000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.
საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს - უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.