მერია თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიულ ადგილს ეძებს
დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებას იწყებს.
ამ მიზნით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მოძიება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა.
„გასულ კვირას ვისაუბრე დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტების განხორციელებით ეს ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ნაგავსაყრელზე, მიუღებელია. ასევე, მიუღებელია მისი ამ ფორმით შენარჩუნება. შესაბამისად, ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდი, მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო EBRD-ს თანამშრომლობისთვის, მათი ექსპერტების ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდება აღნიშნული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თუმცა ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება.
მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, მოიძიოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, ნაგავსაყრელებთან მიმართებაში ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც დღეს თბილისშია, თუმცა დროთა განმავლობაში განხორციელდა თანამედროვე პროექტები, რომლებმაც ვითარება სრულად შეცვალა. შესაბამისად, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისი აღნიშნულ გამოცდილებას გაიზიარებს და დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
11.03.2026.15:06
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის-Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში ფლობს, მათ შორის, ევროკავშირის MiCAR-ის ჩარჩოში. Bybit საქართველოში ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერების (PSP) ლიცენზიების საფუძველზე იწყებს.
ღონისძიების გახსნისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეებს Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოწინავე გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს საფინანსო სექტორის დინამიურ განვითარებას ადასტურებს.
„მისასალმებელია, რომ ციფრული აქტივების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bybit ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა დაიწყო. მსგავსი გლობალური კომპანიის ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისთვის ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის ზრდა პრიორიტეტულია, რაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამასთან, მან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნული ჩარჩო სექტორის სათანადო რეგულირებას უზრუნველყოფს, რაც ბაზრის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირს გააძლიერებს.
სიტყვით გამოსვლისას Bybit-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა ბენ ჟოუმ კომპანიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ ისაუბრა.
„სასიხარულოა, რომ საქართველო კრიპტოადაპტაციის განვითარების მხრივ მაღალ დონეზეა, სტეიბლკოინების ადაპტაციისა და რეგულატორული ჩარჩოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც სხვა რეგიონებში ვაწყდებით, საბანკო წესები და რეგულაციური შეზღუდვებია. საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიურია და ეს ძალიან კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. აუცილებელია იმის დანახვა, რომ ეროვნული ბანკი ამ ინოვაციურ პროცესს ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება", - განაცხადა ბენ ჟოუმ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „საქართველოს ციფრული ფინანსური ეკოსისტემის მომავალი", რომელშიც მონაწილეობდნენ Bybit-ის CEO და თანადამფუძნებელი ბენ ჟოუ, Bybit Georgia-ის დირექტორი შოთა ლომთაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე, Pave Bank-ის თანადამფუძნებელი და CEO სალიმ დჰანანი და Tether-ის გლობალური გაფართოების და სტრატეგიული პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნეს სექტორისა წარმომადგენლები.