მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
11.04.2026.15:29
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მორწმუნეები ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში 14:25 საათზე შევიდა. შემოსვის შემდეგ უფლის საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობა გაიმართა, რის შემდეგაც თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა. უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15.09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.
ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:14 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
ომის გამო წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში გაიმართა. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება. ტაძარში იმყოფებოდნენ ქართველი მომლოცველებიც და „ქრისტე აღსდგა!“ შეძახილი ისმოდა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.