მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 14 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.
„რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
25.03.2026.14:55
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26 066 ლარი შეადგინა.
„კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.