მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მორწმუნეები ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში 14:25 საათზე შევიდა. შემოსვის შემდეგ უფლის საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობა გაიმართა, რის შემდეგაც თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა. უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15.09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.
ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:14 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
ომის გამო წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში გაიმართა. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება. ტაძარში იმყოფებოდნენ ქართველი მომლოცველებიც და „ქრისტე აღსდგა!“ შეძახილი ისმოდა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
სხვა სიახლეები
შპს ,,ფერიმ“ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილი შეიძინა | GCCA-მ კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია
02.11.2026.16:57
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
,,შპს ,,ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნეს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში შეტყობინების წარმომდგენ პირს. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ, პერსონალურ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავდა შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ფერი“ დაკავებულია ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადრგურების მშენებლობით. შპს „ეი ენერჯის“ კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიას კი დაგეგმილი აქვს მარნეულის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.