მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ხაზი გაესვა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის" დეველოპერულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საამიროების ავიაკომპანიის „ეტიჰად ეარვეისის" შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც 2026 წლის მარტიდან აბუ - დაბისა და თბილისს შორის პირდაპირ რეისს კვირაში 14-ჯერ შეასრულებს. აღინიშნა, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ხელს ასევე შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
შეხვედრაზე საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ქართველ კოლეგას ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა როგორც აბრეშუმის გზის იდეის განვითარებისთვის წარმატებული სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერებისთვის.
ფორუმის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების მინისტრ მოჰამედ ჰასან ალსუვაიდისთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
სხვა სიახლეები
22.10.2025.18:14
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს - აბდულა ბინ რუქ ალ მარის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მაია ომიაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე - თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა.
მიხეილ ხიდურელი: „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან. განვიხილეთ მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ქართულ ბიზნესს ემირატების ბაზარზე პოზიციონირებაში. საამიროების მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ექსპორტიორ კომპანიებს ინტეგრაციის პროცესში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით. იანვარში დაგეგმილი გვაქვს ემირატებში სამუშაო ვიზიტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა“.