მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს, ფილიპ ტაბაროს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე.
შეხვედრა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმისა და ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მსხვილ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარების შედეგად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გახდება, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ზრდას აზიასა და ევროპას შორის. ასეთ პრიორიტეტულ პროექტებს შორის დასახელდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განახლების პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას რკინიგზის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების ინვესტიციებზე და მათი ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.