მარიამ ქვრივიშვილმა და ფარვიზ შაჰბაზოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. ფარვიზ შაჰბაზოვი დელეგაციასთან ერთად "მწვანე ენერგეტიკული კაბელის" მინისტერიალის ფარგლებში, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. მხარეებმა ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, განიხილეს სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპის ქსელთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელის ფლაგმანი პროექტის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო და ორმხრივი ვაჭრობის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ორი მეგობარი ქვეყანა აქტიურად აგრძელებს პარტნიორობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების საერთო მიზნების მისაღწევად.
საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ჰიდრორესურსების განვითარებას, აგრეთვე ნავთობისა და გაზის სექტორებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, გაფართოვდეს თანამშრომლობა როგორც ჰიდროპროექტების განხორციელების, ასევე მზის, ქარის, და სხვა არატრადიციული განახლებადი ენერგიების სფეროებში. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფარვიზ შაჰბაზოვთან გამართულ შეხვედრას მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და „ესკოს" გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
11.12.2025.17:22
„გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია, სადაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა - ქვეყნები წარადგენენ საკუთარ მიღწევებს და გამოცდილებებს გარემოსდაცვითი მიმართულებებით. განსაკუთრებული გზავნილი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ არის ის, რომ შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, შეუძლებელია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა მშვიდობის გარეშე. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ბრძოლა. მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და დასახული მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამების დროს.
დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიას (UNEA-7) დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სესია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათაო ოფისში მიმდინარეობდა და მას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე, რამდენიმე კოლეგა მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. მათი მხრიდან დაფიქსირდა ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა რეფორმების და ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7)სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩეანთან, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მუთაი კაგვესთან, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ დებორა მლონგო ბარასთან, კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრ ლი კინიანჯუისთან და ბელგიის სამეფოს კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან-ლუკ კრიუკესთან.