მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი - რევაზ სოხაძე
ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს. შესაბამისად, მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს ამ მიმართულებით, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე მაგისტრალურ გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების სამუშაოების მონახულების შემდეგ.
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი და უკვე დაიწყო სამუშაოები.
სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
სამუშაოების დასრულება 3 თვეში იგეგმება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:45
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე სიხშირეების, ტვირთბრუნვის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ავიაციის სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მგზავრთნაკადზე - საქართველოს აეროპორტები, საანგარიშო პერიოდში, 3,6 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურნენ, რაც 14 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ირაკლი ნადარეიშვილი ასევე შეეხო სიხშირეების ზრდის მაჩვენებელს, რომელიც ასევე რეკორდული სიდიდით, 14 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 17,000 ფრენა შეადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც მისასალმებელია მიმდინარე ტურისტული სეზონის ჭრილში.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კარგო - გადაზიდვებზე. მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვამ საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 16,000 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 50-პროცენტიანი მატებაა. მისი თქმით, ასევე 7 პროცენტით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი.
„ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, მათ შორის, ავიაციის მიმართულებით, ასევე იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა სხვა ქვეყნებთან, ჩვენი ქვეყნის აეროპორტებიდან კი უფრო მეტი ფრენა შესრულდეს მსოფლიოს გლობალური დედაქალაქების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.