მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი - კახა კალაძე
გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში!, - განაცხადა დედაქალაქის მერმა საახალწლო ვიდეომიმართვაში.
კახა კალაძემ ახალი 2025 წლის დადგომა მიულოცა მთელ ქვეყანას, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი - მომავალ თაობას.
„დასრულდა გამოწვევებით და პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე 2024 წელი. ეს წელი ასევე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებებითა და წარმატებებით.
ამიტომ, მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი.
ახლა, როდესაც ძველის და ახლის გასაყართან ვდგავართ, რა შეიძლება ვისურვოთ ამ ყველაზე ჯადოსნურ წუთებში?
მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონიერი, სწორი პოლიტიკა და რაც მთავარია, ერთიანობა - გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო.
ვისურვოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ინტერესებზე, მის ხვალინდელ დღეზე.
ვისურვოთ, არა დაყოფა, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ყველაზე მთავარ მიზანს - ქვეყნის გამთლიანებას. ამ იმედით გილოცავთ ახალ 2025 წელს, ვულოცავ ჩვენს საყვარელ თბილისს, ვულოცავ მთელს საქართველოს! ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს!
ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და კიდევ ერთხელ მოწიწებით ვეუბნები მადლობას მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის!
ახალ წლის შემობრძანებას ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საზეიმო წუთებშიც კი ემსახურებიან საკუთარ საქმეს და ამით ემსახურებიან სახელმწიფოს - ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, ვინც ახლა საკუთარ მოვალეობას ასრულებს.
ვულოცავ საჯარო მოხელეებს, რომელთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერ შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და გაძლიერება.
მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში! ძალიან მიყვარხართ!
ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი - სუს-ი
05.12.2025.18:29
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი, - განაცხადა ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.
მან დაასახელა კორუფციის შემთხვევების ექვსივე ფაქტი.
„პირველი: მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე: ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე სისხლის სამართლის საქმე: თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგი“-ს დირექტორი შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი.
თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს.
შპს ,,ლოგი“-ს დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს ,,ლოგი“-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმე: ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეექვსე სისხლის სამართლის საქმე: ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გაგნიძემ.