GCCA-მ „ნიკორა ტრეიდს" სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ პროდუქციაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება დაავალა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სს „ნიკორა ტრეიდის" მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
კერძოდ, სააგენტოს მიმართა არაერთმა მოქალაქემ სს „ნიკორა ტრეიდის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც „ნიკორას" ობიექტებში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და პროდუქტზე მითითებული ფასისგან განსხვავებული თანხის გადახდას შეეხებოდა.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის, გაფორმდა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, რომ სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ პროდუქციაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება უზრუნველყოს. გარდა ამისა, ფასდაკლებების პერიოდში, "ნიკორა ტრეიდს" დაევალა, მომხმარებლებს შეთავაზებების/ფასდაკლებების მოქმედების ვადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებს მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების ვალდებულებას - მკაფიოდ და გასაგებად.
მოვაჭრეს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2-თვიანი ვადა განესაზღვრა.
სხვა სიახლეები
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
07.04.2026.15:48
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.
ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.