ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა
„საქართველოს რკინიგზას" ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინეს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ლაშა აბაშიძეს აქვს რკინიგზის სექტორში და საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ ადაპტაციის ეტაპი მოკლე და ეფექტური იქნება. მან წარმატება უსურვა ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის პოსტზე და მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს გაწეული საქმიანობისთვის.
„რკინიგზის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომისთვის. განსაკუთრებით, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენი ინტერესია, გაიზარდოს როგორც გადაზიდვების მოცულობა, ისე შემოსავლები," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზაში" მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2006-2009 წლებში კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელი. ლაშა აბაშიძე პროფესიით იურისტია, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს საჯარო ადმინისტრაციის მართვის მიმართულებით.
2015-2017 წლებში ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერი იყო, 2014-2015 წლებში - ვაკის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.15:40
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.
სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.
შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.
სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.