ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამას იწყებს
2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს.
საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ქართულ-იტალიურ კონფერენციას (ACIG 2025) უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მედიცინის ახალი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
კონფერენციაში იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობს. ორდღიანი ღონისძიების მიზანია, იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად ახალი იდეების პოპულარიზაცია.
კონფერენცია KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით უნიკალური პროგრამების შემუშავება და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1224 წელს დაარსდა, მას 90 000-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები ორმაგ – როგორც KIU-ს, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები. ერთობლივი პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მედიცინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან KIU-ს კამპუსში.
მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას‘‘ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას‘‘ ვიცე-პრეზიდენტი ჯოვანი ჯაკომანტონიო.
კონფერენციის – „იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობა: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია - ACIG 2025“ ორგანიზატორები არიან: სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა‘‘, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
11.05.2025.00:17
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა.
„ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.