ხელახლა დავაინიცირეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა „ბენჩ-ბარი“ - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
ადვოკატთა ასოციაცია პროფესიის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, პრიორიტეტად რჩება ადვოკატებისთვის საქმიანობის სრულფასოვანი და სტანდარტების შესაბამისი განხორციელების პირობების შექმნა, რისთვისაც ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან.
„შემდეგი მიმართულება - ეს არის პრიორიტეტი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ: თითოეულ ადვოკატს შევუქმნათ მისი საადვოკატო საქმიანობის კომფორტულად განხორციელებისა და, მათ შორის, სრული სტანდარტების დაცვით რეალიზების საშუალება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული გაერთიანების მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყანაში წარმოდგენილ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ 100 დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მქონდა. მართლმსაჯულების რგოლით დავიწყებ: როგორც უზენაესი სასამართლოს პირველ პირთან, ისე გენერალურ პროკურორთან, რადგან ჩვენ მართლმსაჯულების სამკუთხა ურთიერთობაში ვართ. მათ შორის, დღეს კიდევ ერთხელ ხელახლა დავაინიცირეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა - ე.წ. ბენჩ-ბარი, როდესაც სასამართლო, სახელმწიფო ბრალდება და ადვოკატის პროფესია ერთად ვსხდებით და პრაქტიკას ვაზოგადებთ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, თუმცა 2023 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა. დღეს ჩვენ მას ხელახალი ბიძგი მივეცით, რათა მსგავსი ფორმატები კვლავ შეიქმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადვოკატებს მართლმსაჯულებაში ჩართულობის ნაწილში ერთგვაროვან პრაქტიკასთან დაკავშირებით პრაქტიკის განზოგადებაზე წვდომა ჰქონდეთ და სახელმწიფო ბრალდებასა და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ამ მიდგომების ყოველდღიური გაცვლა ხდებოდეს.
მქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის სამთავრობო მიმართულებითაც, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კომუნიკაცია არსებობდეს ქვეყნის პირველ პირთან, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო პროფესიაა. რა თქმა უნდა, ის საჭიროებები, რაც ამ პროფესიას აქვს, ქვეყნის პირველმა პირმა უნდა იცოდეს, ისევე როგორც პარლამენტისა და სამინისტროების დონეზე. განსაკუთრებით აქტიურად ვარ პირადად ჩართული პენიტენციურ დაწესებულებებთან ურთიერთობაში.
იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩვენი ადვოკატები შედიან ციხეში, ახორციელებენ დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივ უზრუნველყოფას და იქ შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა იყოს შექმნილი. მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, ნამდვილად ვერ ვიტყვი საპირისპიროს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში პენიტენციურ სისტემასთან ნამდვილად ვთანამშრომლობთ. იყო გამოწვევები, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და იქნება, მაგრამ ეს გამოწვევები ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება, რაც ადვოკატისთვის სწორ და გამართულ სამუშაო გარემოს ქმნის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიგრაციის დეპარტამენტთან, სადაც ადვოკატებს ყოველდღიური შემხებლობა აქვთ დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან, ისევე როგორც სასამართლოებთან. ყველა პრობლემა ერთ დღეში არ გადაწყდება - ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, განსაკუთრებით ადვოკატებს. მთავარი არის, რომ ვიცოდეთ, რა გვინდა, ვიცოდეთ, იმ მიზნამდე მისასვლელად რა გზაა გასავლელი და ყველა ერთად ვიყოთ ჩართული, ამ დარგისა და ამ პროფესიის განვითარებაში“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.
სხვა სიახლეები
მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის გამოიყენონ, რათა მან მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას - ირაკლი ყანდაშვილი
22.04.2026.21:08
ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირება და ადვოკატის როლის სწორად წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ადვოკატის მომსახურება მხოლოდ კრიზისულ ან სამართლებრივ ჩიხურ სიტუაციებში არ არის საჭირო და მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად წინასწარ, პრევენციულ ეტაპზეც მნიშვნელოვანია.
„მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებასა და მომხმარებელს ძალიან სწორი გზავნილი მივაწოდოთ და ვუთხრათ - თუ არ იციან, უნდა იცოდნენ, და მე დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, უბრალოდ ყოველთვის კარგად უნდა შევახსენოთ, რომ ადვოკატი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ჩიხური სიტუაციაა.
ადვოკატი არის ყოველდღიურ მოხმარებაში ჩასართავი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ „კულტურა არ არის“. კულტურა არის და ძალიან დიდი კულტურაც არსებობს ბევრი მიმართულებით ჩვენს იურისდიქციასა და საზოგადოებაში. უბრალოდ, შესაძლოა, ფინანსური ნაწილი არ უწყობდეს ხელს, რაც მოხმარების დეფიციტს განაპირობებს. დიპლომატიურად, რომ ვთქვათ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან უზრუნველყოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას. მოხდეს პრევენცია და პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. ხოლო თუ დავა მაინც წარმოიშვება, რა თქმა უნდა, ადვოკატი ყოველთვის მის გვერდით იქნება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესიული გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა და მას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოციაციის პოზიციონირებას, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ადვოკატის პროფესიის საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მისი როლი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარებისა და პრო ბონო ფორუმები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და პროფესიის საზოგადოებრივ სარგებელზე ხაზგასმას.
„უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთ კონკრეტულ რეგიონში, განხორციელდეს პრო ბონო აქტივობა. ანუ ეს იქნება განგრძობადი და ადვოკატის პროფესიის ჩართულობას საზოგადოებისთვის იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით უწყვეტი ხასიათი ექნება, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ეს კიდევ ერთხელ არის დიდი გზავნილი იმისა, რომ ეს პროფესია სოციუმის გვერდით არის და ყოველთვის იქნება.
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ ძალიან კარგი ტრადიცია დავნერგეთ და აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით პროფესიული გაერთიანების წევრები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა მხარდაჭერის ინიციატივაში. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბავშვთა სახლს დავეხმარეთ, ხოლო წინა კვირას - ხანდაზმულთა სახლს. ამ მიმართულებითაც, პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოებაში ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ადვოკატის პროფესიის პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.