კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
სხვა სიახლეები
საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტროუ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო
20.02.2026.15:19
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ სტროუ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სტროუ ლაბორატორიაში უკვე დამზადებულია 20 მმ დიამეტრის სტროუ მილების ექსპერიმენტული ეგზემპლარები, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტესტირება. უახლოეს დროში კი სტროუ მილების პირველი პარტია, SHiP ექსპერიმენტისთვის, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გაიგზავნება. SHiP ექსპერიმენტის მთავარი მიზანია სტანდარტული მოდელის მიღმა არსებული უხილავი ნაწილაკების აღმოჩენაა.
რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის, 2025 წლიდან SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრია. სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერია (Team Leader) ირაკლი ლომიძე. გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის ფიზიკოსებით, ინჟინრებითა და პროგრამისტებით. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ექსპერიმენტის ძირითადი ამოცანების შესრულებაში, რომელთაგანაც განსაკურებით ხაზგასასმელია 20 მმ-იანი დიამეტრის სტროუ მილების წარმოება ექსპერიმენტისათვის.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტროუ ლაბორატორია გასული წლის აპრილში გაიხსნა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ინოვაცია, რომელიც დაინერგა ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში, პირველად განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ლაბორატორიამ წარმატებით აწარმოა 5 და 10 მმ-იანი სტროუ მილები COMET ექსპერიმენტისათვის (KEK, იაპონია), რომლებიც უკვე გაგზავნილია იაპონიაში და მათი მეშვეობით წარმატებით ხდება მონაცემთა აღება ექსპერიმენტის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი გაზომვებიდან. ტრეკული დეტექტორის შექმნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო წრეების ცნობადობა და რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მეცნიერებთან ერთად ჩვენი სტუდენტებიც მონაწილეობენ, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტროუ ლაბორატორიაში წარმოებული მილები უკვე გაგზავნილია იაპონიაში - KEK-სა და J-PARC-ში. ჩატარებული მუშაობის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით: ნიკა წვერავას, დავით ჩოხელს და სტუ-ს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს, ილია ჩოხელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურადა იქნება ჩართული SHiP ექსპერიმენტის როგორც საინჟინრო საქმეებში, ისე მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზში, 2026-2032 წლების განმავლობაში დაგეგმილია ექსპერიმენტისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება, ე.წ R&D, ხოლო 2030 წლიდან იგეგმება უშალოდ ექსპერიმეტის ჩართვა CERN ის SPS ამაჩქარებელზე - 450 GeV ენერგია - და მონაცემთა აღება და ანალიზი, რასაც, ვიმედოვნებთ, მალევე მოჰყვება ფუნდამენტური მნიშვნელობის აღმოჩენა ნაწილაკების ფიზიკაში. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, CERN/CMS ექსპერიმენტის ასოცირებულმა წევრმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, სტუ-ის CERN-CMS ჯგუფის ხელმძღვანელმა, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ გასულ წელს გახსნეს. პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული, უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიის მეშვეობით, ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილები დამზადდა.
სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), ექსპერიმენტები: NA-62, SHIP; იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e.