ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია „აქუალიას“ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წარმატებით დაასრულა ბოდორნა-ღრმაღელის 40-კილომეტრიანი სტრატეგიული გვირაბის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედაქალაქის 225 000 ოჯახის უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგებისთვის.
ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბი წარმოადგენს თბილისის წყალმომარაგების სისტემის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას. სწორედ მისი მეშვეობით ივსება თბილისის წყალსაცავი, რაც ღრმაღელისა და სამგორის საფილტრე სადგურების გამართული მუშაობის აუცილებელი პირობაა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი საგურამოდან ზაჰესის დასახლებამდე არსებულ 8-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. ეს სეგმენტი საკმაოდ რთული გეოლოგიური რელიეფით გამოირჩევა - ცალკეულ ადგილებში გვირაბი მიწის ზედაპირიდან 120 მეტრის სიღრმეში გადის, რაც პროექტის შესრულებისას დამატებით ტექნიკურ გამოწვევებს ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში კომპანიამ 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რაც პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფდა.პროექტი 6 მარტს დაიწყო და ზუსტად ერთ თვეში 6 აპრილს დასრულდა. სამუშაოების ასეთ მჭიდრო ვადებში შესრულება გადამწყვეტია მსგავსი ტიპის სტრატეგიული ობიექტებისთვის, რათა მინიმალურ დროში მოხდეს სისტემის სრული აღდგენა და გარანტირებული იყოს ქალაქის სტაბილური წყალმომარაგება.
,,სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა 2025 წელს ჩატარებული კომპლექსური კვლევა, რომლის დროსაც გამოვლინდა დაზიანების კერები. სამომავლო ინციდენტებისა და არაგეგმიური დაზიანებების თავიდან ასაცილებლად კომპანიამ დაგეგმა და ჩაატარა პრევენციული სამუშაოები. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და დროული რეაბილიტაცია აუცილებელი პირობაა სისტემის მდგრადობისთვის. პროექტი „აქუალიას“ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა, რაც გულისხმობს სამუშაოების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ჩვენი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევა მიმართულია თბილისის მოსახლეობისთვის სტაბილური და საიმედო მომსახურების უზრუნველსაყოფად. “- გიგა ნადირაძე,ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
აღნიშნული პროექტის დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „აქუალიას“ პასუხისმგებლობას - მართონ წყლის რესურსები ეფექტურად და უზრუნველყონ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სხვა სიახლეები
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
07.04.2026.15:48
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.
ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.