იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1 აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.
იმისათვის, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, შაბათს და კვირას, 28 და 29 მარტს, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი, 10:00 - 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე რუსთავის, გორის, ბორჯომის,მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში.
იმ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, აქვთ შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ შაბათს და კვირას შეთავაზებული სერვისით და თავიდან აიცილონ შეუსაბამობით გამოწვეული შედეგები.
სამუშაო გრაფიკსა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდებზე ან სატელეფონო ცენტრის 2 405 405 საშუალებით შეუძლიათ.
განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია დისტანციურად, პორტალზე my.gov.ge.
მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი საწარმოებისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი.
აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნიათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სემეკმა სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული, ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო დააჯარიმა
27.03.2026.14:40
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 ათასი ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრა.
სს “თელასის” სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები ქ. თბილისში გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს “თელასის” მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს „მუხიანის“ ფ-16 - 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაშ მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).