იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქართულ მართვის მოწმობებს იტალიურ მართვის მოწმობაში გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვლიან
ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შეხვედრა გამართეს იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსენებული შეთანხმების გაფორმების მიზნით. ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“, - წერია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
04.06.2025.16:35
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე წულაძემ დელეგაციის წევრებთან აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესში ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილა. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი, თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.