ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში GCCA-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2024 წლის ანგარიში წარადგინა.
მოსმენაზე სააგენტოს თავმჯდომარემ მიმოიხილა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები და მიღებული სტანდარტები, ანტიდემპინგური ღონისძიებები და მიმდინარე პროექტები. მისი თქმით, სააგენტო აქტიურად მუშაობს ბაზარზე სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. 2024 წელს, სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ეს მაჩვენებელი ტოლია 2020–2023 წლებში გაცემული თანხმობების ჯამური რაოდენობის. გაერთიანებების უმეტესობა FMCG, მშენებლობისა და წარმოების სექტორებში დაფიქსირდა. GCCA-მ ასევე დაასრულა ორი მნიშვნელოვანი მოკვლევა: ერთში გამოვლინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, მეორეში — ონლაინ სერვისების ბაზარზე რეკომენდაციები გაიცა.
ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა ბაზრების მონიტორინგზეც. მისი განმარტებით,დასრულდა თხილისა და ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრების ანალიზი, მიმდინარე წელს დაიწყო პესტიციდების და აგროქიმიკატების, ასევე კომპიუტერული ტექნიკის რეალიზაციის ბაზრის შეფასებები. კომიტეტზე წარმოდგენილი იქნა საავტომობილო საწვავის და FMCG - ის ბაზრის შუალედური შედეგები. ანტიდემპინგურ ღონისძიებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ერთი საქმის მორიგებით დასრულება შესაძლებელი გახდა იმპორტიორების მხრიდან სამართლიანი ფასების შეთავაზების შედეგად. პარალელურად, მიმდინარეობს ფოლადის პროდუქციის (რუსეთიდან და ირანიდან) შესაძლო დემპინგური იმპორტის ანალიზი.
მისი თქმით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, მომზადდა ფასების მითითების სახელმძღვანელო და ადაპტირებული მასალები შშმ პირებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს ინფორმირების კამპანია ეთნიკური უმცირესობებისა და რეგიონში მცხოვრებიმომხმარებლების მიმართულებით. გაზრდილია მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა და 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაორმაგებულია. მომხმარებლებმა კი GCCA-ის ჩართულობით 1 მლნ. ლარზე მეტის სარგებლის მიღება შეძლეს.
საერთაშორისო პარტნიორობასთან დაკავშირებით ლექვინაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკმა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელმა (ICN) GCCA-ის ორი გადაწყვეტილება, მათ შორის ფარმაციის შესახებ საუკეთესოდ შეაფასეს. ასევე, საქართველო 2026–2027 წლებში უხელმძღვანელებს მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) და უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას.
საკომიტეტო მოსმენას პარლამენტის წევრები და GCCA-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
14 აპრილი დედაენის დღეა
14.04.2026.10:17
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.
პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.